logo
ENG



თეთრ სახლში ამბობენ, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმას "მძიმე შედეგები" მოჰყვება

02 ოქტ 202401:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/02/mwpsnz55y1zdv81.jpg

ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ამას "მძიმე შედეგები მოჰყვება" და აშშ "ისრაელთან ერთად იმუშავებს, რათა ასეც მოხდეს". 

მან თავდასხმას "არაეფექტური" უწოდა და ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით 200 ბალისტიკური რაკეტის გაშვება "მნიშვნელოვან ესკალაციად" შეაფასა. ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დაღუპულების შესახებ ცნობები არ არის.

"ეს მნიშვნელოვანი ესკალაციაა ირანის მხრიდან, მნიშვნელოვანი მოვლენა, და ეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისრაელთან ერთად შევძელით და შევქმენით ვითარება, რომელშიც არავინ დაღუპულა ისრაელზე თავდასხმაში", - თქვა მან. 

თუმცა, თეთრ სახლში თქვეს, რომ სიტუაცია ცვალებადია და შესაძლოა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია შეიცვალოს.

ჯეიკ სალივანმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ყურადღებით აკვირდებოდნენ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.

პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო. ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. 

მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალებში თქვეს, რომ ირანის მხრიდან საფრთხე აღარ არსებობდა და შეტევის დასრულების შესახებ განაცხადეს. 

ირანის მხრიდან ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 1-ელ ოქტომბერს გავრცელდა. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ ხედავს ნიშნებს, რომ ირანი ემზადება ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმისთვის.

დღესვე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს მოუწოდეს, თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ.


close დახურვა